• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • კლინიკა
    • ჩვენი გუნდი
    • სტატისტიკური მაჩვენებლები
  • მომსახურება
    • ენდოკრინოლოგია
    • სიმსუქნე და მეტაბოლიზმი
    • პულმონოლოგია
    • კარდიოლოგია
    • გასტრო-ენტეროლოგია, ჰეპატოლოგია
    • სტომატოლოგია
    • ოფთალმოლოგია
    • სტაციონარი
    • ექოსკოპია
    • ფიზიოთერაპია
  • ლაბორატორია
    • ჰემატოლოგიური გამოკვლევები
    • ბიოქიმიური გამოკვლევები
    • ჰორმონული გამოკვლევები
    • იმუნოლოგიური გამოკვლევები
    • შარდის გამოკვლევა
    • ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა
  • დიაბეტის სკოლა
    • რა არის დიაბეტი?
    • ჰიპოგლიკემია
    • ინსულინის პომპა
    • ალკოჰოლი და დიაბეტი
  • სიახლეები
  • კონტაქტი

რა არის დიაბეტი?

დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა ენერგიის წყაროს, გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი.   გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. Mმისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი. 
დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო:
  1. თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს, ამ შემთხვევაში განვითარებულ დიაბეტს უწოდებენ ტიპი1 შაქრიან დიაბეტს;
  2. თქვენი ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს, ამ მდგომარეობას უწოდებენ ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს.
ორივე შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმის მიერ ენერგიის წარმოსაქმნელად იქნას გამოყენებული, სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით გლუკოზა, შესაბამისად ადამიანს უქვეითდება ენერგია, აქვს დაღლილობის შეგრძნება, უხასიათობა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული წყურვილი და შარდვა, ასევე შეიძლება აღენიშნოს წონაში კლება, მხედველობის დაქვეითება, სხვადასხვა ინფექციები და ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში გლუკოზის აწეული დონე აზიანებს მთელ ორგანიზმს და იწვევს სხვადასხვა გართულებების განვითარებას, როგორებიცაა თირკმელების, გულის, მხედველობის დაავადებები, ტერფის დაზიანება. 
ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილება შასაძლებელია დიაბეტის სათანადო მართვით, რაც გულისხმობს გლუკოზის მაჩვენებლების შენარჩუნებას ნორმის ან ნორმასთან მიახლოებულ ფარგლებში. იგი არა მარტო თავიდან აგაცილებთ დიაბეტის გართულებების ჩამოყალიბებას, არამედ იცოცხლებთ ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრებით.
ჯანმო-ს 2000 წლის მონაცემების მიხედვით 177 მლნ ადამიანს მსოფლიოში აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი, 2025 წლისათვის მოსალოდნელია ამ ციფრის 300 მლნ-მდე გაზრდა.  ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება 10 %-ს, ხოლო 90%-ს ტიპი 2, ამ უკანასკნელთაგან 80 % ჭარწონიანია. 
დიაბეტის რიცხვის ასეთი ზრდა ტიპი 2 დიაბეტის ხარჯზე ხდება. Aამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა, სიმსუქნის სიხშირის მატება, ცხოვრების უმოძრაო წესი, სტრესული გარემო და ა. შ. 

შესაძლებელია თუ არა დიაბეტის პრევენცია, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა აღვნიშნოთ ის მდგომარეობა, რომელიც  წინ უსწრებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, მას ეწოდება პრედიაბეტი. 

რა არის პრედიაბეტი?
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე ორგანიზმში არსებობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რომელსაც “პრედიაბეტი” ეწოდება და გამოიხატება ნორმასთან შედარებით სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლებით, მაგრამ არა იმ ზღვრამდე, რომ დარღვევის ამ დონეს მიეცეს შაქრიანი დიაბეტის კვალიფიკაცია. “პრედიაბეტში” იგულისხმება გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა და უზმოზე გლიკემიის მომატება. Aამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს დროთა განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და მისი გართულებების განვითარების მომატებული რისკი აქვთ. აშშ-ში 40-დან 74 წლამდე ასაკის 20,1 მილიონ ადამიანს (მოსახლეობის 21,1%-ს) აღენიშნება პრედიაბეტი. უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დაავადების ამ სტადიაზე უკვე არსებობს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული ცვლილებები, განსაკუთრებით ეს ეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

პრედიაბეტი ყოველთვის არ გადადის დიაბეტში. ზოგ შემთხვევაში დაავადების უკუგანვითარებაც ხდება და ნახშირწყლოვანი ცვლა უბრუნდება ნორმალურ დონეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში პრედიაბეტს აშკარა დიაბეტი მოჰყვება. ამიტომ პრედიაბეტის დროული დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. 

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს შეიძლება პრედიაბეტი ჰქონდეს?
პრედიაბეტი ხშირად მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ანუ ასეთ პირებს აღენიშნებათ მომატებული არტერიული წნევა, სისხლის მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები, “კარგი” ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი, აბდომინური სიმსუქნე (მუცლის არეში დაგროვილი ჭარბი ცხიმი).

 

როგორ შეიძლება პრედიაბეტის აშკარა დიაბეტში გადასვლის თავიდან აცილება? 
პრედიაბეტის სტადიაზე დაავადების აღმოჩენა საშუალებას იძლევა უკეთესობისკენ შევცვალოთ მომავალი., თავიდან ავიცილოთ დიაბეტის ჩამოყალიბება.
დამაიმედებელი სიახლე ის, არის რომ პრედაბეტის დროს სისხლის გლუკოზის მომატებული მაჩვენებლები ცალკე აღებული ან მეტაბოლური სინდრომის სხვა კომპონენტებთან ერთად, შეიძლება დაუბრუნდეს ნორმას მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე, კერძოდ, ცხოვრების წესის ცვლილებით, რაც გულისხმობს გაზრდილ ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას, დიეტას ცხოველური ცხიმების დაბალი შემცველობით.
ცხოვრების წესის შეცვლა რეალურად იძლევა დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის საშუალებას და ეს დადასტურებულია მსოფლიოში ჩატარებული ორი ფართომასშტაბიანი კვლევით: ფინეთში ჩატარებული დიაბეტის პრევენციის კვლევითა და დიაბეტის პრევენციის პროგრამით. ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ დიეტის მოდიფიცირება, რომელიც გულისხმობს დაბალი კალორიულობის მქონე პროდუქტებით კვების დაგეგმვას, ცხიმების მიღების შეზღუდვას და ზომიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას კვირაში სულ ცოტა 150 წთ-ის ხანგრძლივობით,  4 წლის განმავლობაში 58%-ით ამცირებს პრედიაბეტიდან აშკარა დიაბეტში გადასვლის შემთხვევებს, იმ პირებშიც კი,  რომლებიც ზომიერად იკლებენ წონაში (წონის 5-7%-ის კლება) .ხოლო  > 60 წლის ასაკის პირებში ეს რისკი 71 %-ით მცირდება.
ზოგ შემთხვევაში  მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილება  არ არის საკმარისი პრედიაბეტის დროს მომატებული სისხლის გლუკოზის ნორმალიზაციისთვის, ამ დროს დამატებით გამოიყენება პრეპარატების ორი ჯგუფი. ესენია: 
  • მეტფორმინი, რომლის ეფექტურობა ცხოვრების წესის შეცვლასთან კომბინაციაში დადასტურებულია დიაბეტის პრევენციის პროგრამით და 
  • აკარბოზა, რომლის ეფექტურობა დადასტურდა კვლევით "STOP NIDDM"

რა არის პრედიაბეტის რისკის ფაქტორები”

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მსგავსად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პრედიაბეტი და არაფერი იცოდეს ამის შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია  პრედიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორების ცოდნა და მაღალი რისკის შემთხვევაში პრედიაბეტის სკრინინგი.  ტიპი 2 დიაბეტის და პრედიაბეტის რისკი იზრდება  ასაკის მატებასთან ერთად, დიაბეტის სკრინინგი უზმოზე გლიკემიის განსაზღვრით საჭიროა ყველა ადამიანში, რომელმაც მიაღწია 40 წელს და ამის შემდეგ, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. 
უფრო ხშირი ტესტირება ან რეგულარული სკრინინგის უფრო ადრეულ ასაკში დაწყება საჭიროა იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის ფაქტორები. მათ მიეკუთვნება: 
  • პირველი რიგის ნათესავები (მშობლები, და-ძმა, შვილები) შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზით;
  • ანამნეზში პრედიაბეტი (უზმოზე გლიკემიის დარღვევა, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა) 
  • მხედველობასთან, თირკმელებთან, სისხლძარღვოვან ან ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები 
  • მაღალი არტერიული წნევა ან სისხლის ქოლესტერინის მაღალი შემცველობა
  • გულის დაავადებები
  • ანამნეზში გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტი)
  • საკვერცხის პოლიკისტოზი
  • ჭარბი წონა, განსაკუთრებით აბდომინალური სიმსუქნე
მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა გვახსოვდეს პრედიაბეტის შესახებ არის ის, რომ ამ მდგომარეობის დასასრული ყოველთვის არ არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. დადგენა იმისა, გაქვთ თუ არა პრედიაბეტი, და მისი შესაბამისი მართვა, მოგცემთ შანსს, შეცვალოთ მომავალი – აიცილოთ თავიდან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარება. 
Copyright © 2011 Diacori.com